დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს­-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-­პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.


სააგენტოს განცხადებით, საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა და მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.


„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს XX-XXI საუკუნეების გამორჩეულ რელიგიურ ლიდერსა და საზოგადო მოღვაწეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებთ მის უწმინდესობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.


„მღვდელმთავრებმა მის უწმინდესობას მიულოცეს ეს თარიღი, გაიხსენეს არაერთი ეპიზოდი წარსულიდან და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას. საქართველოს საპატრიარქოს სახელითაც გულითადად ვულოცავთ ჩვენს მამას, ჩვენს პატრიარქს, აღსაყდრების დღეს და შევთხოვთ უფალს, მისი მამამთავრობა ჰყოს მრავალჟამიერი,“ - წერია თავის მხრივ, საპატრიარქოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის ფოტოები.