უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
„არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე - პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მგრძნობიარე საკითხები, მათ შორის, ტერიტორიულ საკითხებზე ნებისმიერი კომპრომისი, სახელმწიფო მეთაურების დონეზე უნდა განიხილებოდეს. ზელენსკიმ ხუთშაბათს, 25 დეკემბერს მოლაპარაკებები გამართა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან და პრეზიდენტის სიძესთან, ბიზნესმენ ჯარედ კუშნერთან. მან თქვა, რომ ზოგიერთი ოკუმენტი, რომელიც კონფლიქტის დასრულებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის უზრუნველყოფისკენ მიმართული უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია, „თითქმის მზადაა“, ზოგი კი, „სრულად მომზადებულია.“
ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითქმის ერთ საათს გაგრძელებულმა სატელეფონო საუბარმა წარმოშვა „ახალი იდეები ფორმატების, შეხვედრების და... რეალური მშვიდობის დამყარების ვადების თვალსაზრისით.“
ტრამპი და მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან, რათა მიაღწიონ შეთანხმებას ომის დასრულების შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრით დაიწყო.