რა წერია ომის დასრულების 20-პუნქტიან გეგმაში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შინაარსი გაასაჯაროვა.

დოკუმენტის“ პროექტის დეტალები უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.


ზელენსკის განმარტებით, პროექტში წარმოდგენილი ბევრი პოზიცია უკრაინის და აშშ-ის საერთო ხედვას ასახავს. 


უკრაინის პრეზიდენტი გეგმას „ომის დასრულების მთავარ ჩარჩოდ“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის უკრაინას აშშ-ს, NATO-სა და ევროპელების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობს კოორდინირებული სამხედრო რეაგირებისთვის, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. 

უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის მთავარ საკითხთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“ პოტენციური ვარიანტია.


ძირითადი პუნქტები:

კიდევ ერთხელ დადასტურებულია უკრაინის სუვერენიტეტი;

უკრაინის არმიის რიცხოვნობა მშვიდობიან პერიოდში იქნება 800 ათასი; 

აშშ, NATO და ევროკავშირი უკრაინას მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს; 

რუსეთმა საკანონმდებლი დონეზე უნდა გაამყაროს უკრაინაზე თავდაუსხმელობის პოლიტიკა; 

უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება კონკრეტულად განსაზღვრულ დროს; 

უკრაინა დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ; 

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივად მართავენ უკრაინა, რუსეთი და აშშ, თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის მონაწილეობას არ ეთანხმება; 


  • რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას სკოლებსა და საზოგადოებაში დანერგონ საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვადასხვა კულტურის მიმართ ტოლერანტობასა და გაგებას. უკრაინა დანერგავს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ.

ყველაზე რთულია ტერიტორიის საკითხი. უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი - დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას.


კომპრომისის სახით, აშშ-ის წინადადებაა დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ წინადადებაზე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მოსამზადებლად საჭიროა 60 დღე და ცეცხლის რეალურად შეწყვეტა.


ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის, ამერიკულ მხარესთან საერთო პოზიცია ორ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს: დონეცკის ოლქის და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით.


„ეს პოლიტიკური დოკუმენტია ჩვენს, ამერიკას, ევროპასა და რუსეთს შორის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დღეს ამ პროექტთან დაკავშირებით რუსული მხარისგან პასუხს ელის და როგორც კი, შეთანხმებაზე თანხმობას ყველა მხარე გამოაცხადებს, ცეცხლის სრულად შეწყვეტა მაშინვე ამოქმედდება.


უფრო კონკრეტულად, სამშვიდობო გეგმა ასეთია: 

პუნქტი 1უკრაინის სუვერენიტეტი კიდევ ერთხელ დადასტურდება.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და შეთანხმების ყველა ხელმომწერი ამას თავისი ხელმოწერით ადასტურებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პუნქტი 2 – „ეს დოკუმენტი წარმოადგენს რუსეთსა და უკრაინას შორის სრულ და უპირობო თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნება მონიტორინგის მექანიზმი უპილოტო კოსმოსური ხომალდების გამოყენებით კონტაქტის ხაზის მონიტორინგისთვის, დარღვევების შესახებ ადრეული შეტყობინებისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად. ტექნიკური ჯგუფები შეთანხმდებიან ყველა დეტალზე,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


პუნქტი 3 – უკრაინა მიიღებს „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებს.

პუნქტი 4 – უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში 800 000-ზე დარჩება.

პუნქტი 5 – ამერიკის შეერთებული შტატები, NATO და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ასახავს მე-5 მუხლს.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ პუნქტს აქვს შემდეგი კომპონენტები: თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება; თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინაზე, უსაფრთხოების გარანტიები ამოქმედდება; ამ შეთანხმებით ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები გამორიცხული არ არის.


პუნქტი 6 – რუსეთი ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას ყველა საჭირო კანონსა და რატიფიკაციის დოკუმენტში, მათ შორის, სახელმწიფო სათათბიროში აბსოლუტური უმრავლესობის რატიფიცირებით აფიქსირებს.


პუნქტი 7 – უკრაინა ევროკავშირის წევრი კონკრეტულ დროს გახდება და ასევე მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას მიიღებს ევროპულ ბაზარზე.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად ეს აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივი დისკუსიაა, ევროპული დადასტურების გარეშე. ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი სურს, რადგან ეს კიევის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა.


პუნქტი 8 – ეს პუნქტი ასახავს უკრაინისთვის გლობალური განვითარების ძლიერ პაკეტს, რომელიც განისაზღვრება ინვესტიციებისა და მომავალი კეთილდღეობის შესახებ ცალკე შეთანხმებაში, რაც მოიცავს ეკონომიკური სექტორების ფართო სპექტრს.


პუნქტი 9 – ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს პუნქტი ეხება უკრაინის აღდგენისთვის სახსრების შექმნას. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად მიზნად ისახავს 800 მილიარდი დოლარის მოზიდვას კაპიტალის, გრანტების, ვალის და კერძო სექტორის შენატანების მეშვეობით, რათა დაეხმაროს ქვეყანას სრული პოტენციალის რეალიზებაში.


პუნქტი 10 – ამ შეთანხმების დადების შემდეგ, უკრაინა დააჩქარებს შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების პროცესს.

პუნქტი 11 – უკრაინა ადასტურებს, რომ ის დარჩება არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

პუნქტი 12 – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სამი ქვეყანა ერთობლივად მართავს: უკრაინა, აშშ და რუსეთი.


უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს აშშ-ის წინადადებაა, რადგან რუსეთი თვლის, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ის მართავს. თუმცა უკრაინა სთავაზობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივი საწარმო მართავდეს, სადაც აშშ და უკრაინა ენერგიას 50/50-ზე გაიყოფენ. უკრაინის პოზიციაა, რომ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50% უკრაინას მიეწოდება, ხოლო დანარჩენის განაწილებას აშშ დამოუკიდებლად განსაზღვრავს.


ზელენსკის თქმით, შეერთებული შტატები გამოდის ინიციატივით, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე კიევს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გადანაწილდეს, სადაც თითოეული ქვეყანა სიმძლავრის 33%-ს მიიღებს.


პუნქტი 13 – ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, სკოლებსა და საზოგადოებაში განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის გაგებას, ტოლერანტობას და აღმოფხვრის რასიზმს და ცრურწმენებს. უკრაინა განახორციელებს ევროკავშირის რეგულაციებს რელიგიური ტოლერანტობისა და უმცირესობათა ენების დაცვის შესახებ.


პუნქტი 14 – უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ტერიტორიულ საკითხს და ყველაზე რთულია მთელ გეგმაში. ზელენსკის თქმით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჯარების განლაგების ხაზი ამ შეთანხმების თარიღისთვის არის ფაქტობრივად აღიარებული შეხების ხაზი. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად უნდა შეიკრიბოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს კონფლიქტის დასასრულებლად საჭირო ძალების გადაადგილებას, ასევე პოტენციური მომავალი სპეციალური ეკონომიკური ზონების პარამეტრებს.


„ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, სადაც რუსებს დონეცკის რეგიონის დატოვება სურთ, ამერიკელები კი, ცდილობენ იპოვონ გზა, რომ ეს „გასვლა“ არ იყოს – რადგან ჩვენ გასვლის წინააღმდეგი ვართ. მათ სურთ, იპოვონ დემილიტარიზებული ზონა ან თავისუფალი ეკონომიკური ზონა, ანუ ფორმატი, რომელიც ორივე მხარის შეხედულებებს გაითვალისწინებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.


მანვე განმარტა, რომ თუ გეგმის პირველი ვერსია, რომელიც ითვალისწინებს ომის დასრულებას შეხების ხაზის მიღმა, ჩაიშლება, არსებობს კიდევ ორი ვარიანტი. პირველი არის საომარი მოქმედებების გაგრძელება.


მეორე შეთანხმება ითვალისწინებს, რომ შეთანხმების ძალაში შესასვლელად რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, სუმის და ხარკოვის ოლქებიდან. თუმცა, პოტენციურად შესაძლებელია „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე ენერგოდარში. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას სურს, ტერიტორიებისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონების საკითხი ლიდერების დონეზე გადასაწყვეტად დატოვოს.


პუნქტი 15 – მომავალ ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით.

პუნქტი 16 – რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინის მიერ დნეპრისა და შავი ზღვის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას. დაიდება ცალკე საზღვაო შეთანხმება და წვდომის შეთანხმება, რომელიც მოიცავს ნავიგაციისა და ტრანსპორტის თავისუფლებას. ამ შეთანხმების ფარგლებში, კინბურნის კონცხი დემილიტარიზებული იქნება.

პუნქტი 17 – შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად. კერძოდ, ის იმუშავებს ყველა დარჩენილი სამხედრო ტყვეების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, მათ შორის 2014 წლიდან რუსული სისტემის მიერ გასამართლებული პირების, „ყველა ყველაზე“ პრინციპით. ის ასევე შეეცდება მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და პოლიტიკური პატიმრების დაბრუნებას. გარდა ამისა, მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა პრობლემებისა და ტანჯვის მოსაგვარებლად.


პუნქტი 18 – უკრაინამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩაატაროს არჩევნები. ზელენსკის თქმით, ეს კონკრეტულად უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებს ეხება.


პუნქტი 19 – ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი უხელმძღვანელებს. ამ მექანიზმის ნაწილი იქნებიან უკრაინა, ევროპა, NATO, რუსეთი და შეერთებული შტატები. დარღვევებისთვის სანქციები დაწესდება.


პუნქტი 20 – მას შემდეგ, რაც ყველა მხარე დაეთანხმება ამ შეთანხმებას, სრული ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ ამოქმედდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ეს შეთანხმება რატიფიკაციისთვის უნდა წარადგინოს. ეს პროცედურა შეიძლება, განხორციელდეს პარლამენტის და/ან საყოველთაო რეფერენდუმის მეშვეობით. შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებისთანავე, თუ ამ შეთანხმების თანახმად, ასეთი ვალდებულებები წინასწარ უნდა შესრულდეს.


შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას გაუწევს მშვიდობის საბჭო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. საბჭოში იქნებიან აშშ, NATO, ევროპა, უკრაინა და რუსეთი. შეთანხმების დარღვევა სანქციებს გამოიწვევს.


პროექტში საუბარია ორივე მხარის მიერ სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების გათავისუფლებაზეც, უკრაინის აღდგენის, ინვესტირების, ქალაქების მოდერნიზაციის, სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხებზე და აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ შესაბამისი ფონდების შექმნაზე.


21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო. 23 დეკემბერს უმეროვმა და გნატოვმა პრეზიდენტ ზელენსკის გააცნეს შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგები.


ცნობისთვის, ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას არ ითვალისწინებს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ აშშ ამის გაკეთებას გეგმავს.


„გვესმის, რომ ომის დასრულების შემდეგ ამერიკა სანქციების თანდათანობით მოხსნას დაიწყებს. აქ კითხვა იმაშია, თუ რამდენად ძლიერები იქნებიან ევროპელები, რადგან ევროპული სანქციებიც არსებობს,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


მისივე განცხადებით, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს.


უკრაინა შეთანხმებას რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს ან შესაძლოა, დასამტკიცებლად საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატაროს. ასევე, შესაძლოა, უკრაინამ რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.