ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით საწვავის ექსპორტზე ტარიფების საკითხი გადაიჭრა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთში, საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის შემოთავაზებული საწყისი ტარიფი შეუსაბამო იყო, ტარიფების საკითხი გადაიჭრა და კომპანიებს შორის, ბაზარზე დაფუძნებული ტარიფები შეთანხმდება.“

„ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული ტარიფი ძალიან მაღალი იყო. ამან აზერბაიჯანულ მხარეს კითხვები გაუჩინა, რადგან შეთავაზება არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. თუმცა როგორც კი საქართველოს ხელმძღვანელობამ საკითხის შესახებ შეიტყო, ისინი ჩაერივნენ და სიტუაცია შეიცვალა. ტარიფების საკითხი მოგვარდა და კომპანიებს შორის ტარიფები ბაზრის პირობების შესაბამისად შეთანხმდება,“ - აღნიშნა ბაირამოვმა 2025 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მანამდე საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების ტარიფებთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, ბიზნესი ტვირთის იმპორტ-ექსპორტისთვის ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს. ამასთან, მან რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ აღადგინოს სომხეთში რკინიგზის ის მონაკვეთები, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის საზღვრებამდე გადის.

კერძოდ, ფაშინიანი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იერასახიდან ნახიჩევანამდე, ანუ აზერბაიჯანის საზღვრამდე, ასევე, დასავლეთ სომხეთში მდებარე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთების სრულ აღდგენას მოითხოვს. ასევე, ფაშინიანი რუსული მხარისგან აღმოსავლეთ სომხეთში მდებარე იჯევანიდან დასავლეთ აზერბაიჯანის ღაზახამდე გამავალი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზეც აპირებს მოთხოვნის წაყენებას.