ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წელს 100 000-ზე მეტი უცხოური ვიზა გააუქმა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ მეტია. ხსენებული მაჩვენებელი ყველა დროის რეკორდს ხსნის. 


ვიზა გაუუქმდა ათასობით უცხოელ მოქალაქეს, რომლებსაც ბრალს დებდნენ ან ასამართლებდნენ მათ შორის, თავდასხმაში, ქურდობაში და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვაში. 


„სახელმწიფო დეპარტამენტმა 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, მათ შორის, დაახლოებით 8000 სტუდენტური ვიზა და 2500 სპეციალიზებული ვიზა იმ პირებისთვის, რომელთაც კრიმიმინალური საქმიანობის გამო, აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან შეხება ჰქონდათ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბანდიტების დეპორტაციას, რათა ამერიკის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 


„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი უწყვეტი შემოწმების ცენტრი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის მიწაზე მყოფი ყველა უცხოელი მოქალაქე შეესაბამებოდეს ჩვენს კანონებს და რომ იმ პირთა ვიზები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკის მოქალაქეებს, სწრაფად გაუქმდეს. ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამერიკის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას და ჩვენი ერის დაცვას იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან ეროვნულ უსაფრთხოებას,“ - განაცხადა პრესსპიკერის მოადგილე ტომი პიგოტმა.


2025 წლის აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ განიხილავდა ყველა იმ 55 მილიონი უცხოელის საკითხს, რომლებსაც აშშ-ის მოქმედი ვიზა აქვთ.


მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებდა ამერიკელების პირველ ადგილზე დაყენებას და საკუთარი ერის დაცვას იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც საზოგადოებრივ ან ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიდნენ საფრთხეს.