სომხეთს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა ცალსახად და აუცილებლად სურს - ფაშინიანი

სომხეთის მთავრობას ცალსახად სურს, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 14 იანვარს, ერევანში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, „საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების სომხური ინსტიტუტის“ კონფერენციაზე პანელური დისკუსიისას განაცხადა.


„გვინდა თუ არა, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები ვიყოთ? დიახ, ცალსახად. როგორ წარმოგვიდგენია ეს? ჩვენ საკუთარი თავის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი და წინა პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, რომ არცერთი ქვეყანა არ მიიღება ევროკავშირის წევრად გეოპოლიტიკური ან სხვა მიზანშეწონილობის გამო.


ამისათვის არსებობს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წინაპირობა: ქვეყანამ ობიექტურად უნდა დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები, სულ მცირე 97, 98, 99 პროცენტით.


ჩვენი სტრატეგია ასეთია: ჩვენ ძალიან მტკიცედ და ნათლად უნდა მივყვეთ სომხეთის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ქვეყნად გადაქცევის გზას,“ - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, როდესაც ეს მოხდება, დადგება პოლიტიკური გადაწყვეტილების მომენტი.


„როდესაც სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ, ორი ვარიანტი გვაქვს: ან მიგვიღებენ ევროკავშირის წევრად, ან არ მიგვიღებენ,“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ორივე შემთხვევაში იმარჯვებს: ერთ შემთხვევაში ის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ხდება, მეორე შემთხვევაში კი, არა, სამაგიეროდ, ის იქნება თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.


„შემდეგი ნიუანსი ის არის, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთდროულად არ შეგვიძლია, ვიყოთ ევროკავშირის წევრიც და ევრაზიული კავშირის წევრიც. თუმცა ახლა სხვა რეალობა იკვეთება, რომ მიუხედავად ამისა, არსებობს სივრცე როგორც ამ გზით წასასვლელად, ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობისთვის. ჩვენ დღეს ამ სივრცეში ვართ. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ამ გზით მივდივართ. ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ვართ, რაც ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეუთავსებლობა არ არსებობს.


„ამიტომ, ვიდრე თავსებადობა შესაძლებელია, ჩვენ გავაგრძელებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრად დარჩენას. როდესაც თავსებადობა შეუძლებელი გახდება, ჩვენ გადაწყვეტილებას სომხეთის მოქალაქეებთან ერთად მივიღებთ, რაც გამომდინარეობს სომხეთის რესპუბლიკის ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვისგან,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


შეგახსენებთ,  სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში ბრიუსელმა ერევანს ოფიციალურად გადასცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP), - ჩამონათვალი იმ ვალდებულებების, რომლებიც უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს.


2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.