უკრაინის დელეგაცია აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაცია აშშ-ში ჩავიდა.

მოლაპარაკებები შაბათს, 17 იანვარს, მაიამიში გაიმართება.


კირილ ბუდანოვის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვთან და პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიასთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით, ამერიკელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგება.


„ერთობლივი შეხვედრა სტივენ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და დენიელ დრისკოლთან არის დაგეგმილი. უკრაინას სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ჩვენ ამ შედეგის მისაღწევად ვმუშაობთ,“ - წერს ბუდანოვი X-ზე.


მანამდე, ზელენსკიმ „იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრების მერე “მეტი სიცხადე იქნება, როგორც იმ დოკუმენტებთან მიმართებით, რომლებიც უკვე ფაქტობრივად მომზადებულია ამერიკულ მხარესთან, ასევე, რუსეთის პასუხთან მიმართებაში იმ დიპლომატიური სამუშაოსადმი, რომელიც ხდებოდა და ხდება.”


ზელენსკის თქმით, თუ ყველაფერი ბოლომდე იქნება შემუშავებული, შეთანხმების ხელმოწერა შემდეგ კვირას, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზეა შესაძლებელი.