განხილვის საგანია, „ვინ აფერხებს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთი, არამედ, უკრაინა აფერხებს.

Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინაში შეჭრა დაასრულოს. მისი თქმით, ზელენსკი უფრო მეტად იკავებს თავს.

„ვფიქრობ, ის [ვლადიმერ პუტინი] მზადაა შეთანხმების დასადებად. ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად არის მზად ამისთვის,“ - აღნიშნა ტრამპმა.


კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა კონფლიქტის გადაჭრა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე მოლაპარაკებების გზით, ტრამპმა უპასუხა: „ზელენსკი“.

კითხვაზე, თუ რატომ თვლის, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალები არ დააკონკრეტა და აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა.“


 განახლება: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება.


„რუსული რაკეტები, რუსული „შაჰედები“, რუსეთის მიერ უკრაინის განადგურების მცდელობები ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთს საერთოდ არ სჭირდება შეთანხმებები. როდესაც რუსეთის გამო უკრაინელებს 20-30 საათის განმავლობაში არ აქვთ ელექტროენერგია და როდესაც რუსული დარტყმები მიზნად ისახავს ჩვენი ენერგეტიკული სექტორისა და ჩვენი ხალხის გატეხვას, სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას ამაში.


ჩვენ მნიშვნელოვნად გავააქტიურებთ ჩვენს დიპლომატიურ სამუშაოებს – როგორც საჯაროს, ასევე, ოფიციალურს, კერძოსა და არაოფიციალურს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.