ევროკავშირი ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე პასუხს განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ტარიფებზე მუქარები მიუღებელია.


,,საფრანგეთი ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია, როგორც ევროპაში, ასევე, სხვაგან. ამით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს უდევს საფუძვლად გაეროსა და ქარტიისადმი ჩვენს ერთგულებას.


ამის საფუძველზე მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, და ამის საფუძველზე შევკარით ,,მსურველთა კოალიცია” მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ამ პრინციპებისა და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად.


ასევე ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული წვრთნები. ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არკტიკასა და ჩვენი ევროპის წინა ხაზზე უსაფრთხოებას ეხება.


არავითარ დაშინებას ან მუქარას არ ექნება ჩვენზე გავლენა არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, და არც სადმე სხვაგან მსოფლიოში, სადაც ასეთი ვითარებების წინაშე ვდგავართ.


ტარიფებზე მუქარები მიუღებელია და ადგილი არ აქვს ამ კონტექსტში. ევროპელები მათ ერთიანი და კოორდინირებული ფორმით უპასუხებენ, თუ ისინი დამტკიცებულ იქნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ევროპის სუვერენიტეტი იყოს დაცული.


ამ სულისკვეთებით მექნება საუბრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,” - წერს მაკრონი.


თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი ტრამპის მუქარას აშშ-ის მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესების შესახებ, „სრულიად არასწორს“ უწოდებს.


„ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა,“ - ნათქვამია მის განცხადებაში.


„ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მთელი NATO-სთვისაა მნიშვნელოვანი და მოკავშირეებმა ერთად მეტი უნდა გააკეთონ, რათა არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდნენ.


მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება სრულიად არასწორია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ,“ - ამბობს სტარმერი BBC-ის ცნობით.


ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აცხადებს, რომ ის „ერთობლივ რეაგირებას კოორდინაციას უწევს.“ ტრამპის მოულოდნელი განცხადების შემდეგ, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას კოშტა ამბობს: „ევროკავშირი ყოველთვის ძალიან მტკიცე იქნება საერთაშორისო სამართლის დაცვაში... რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე იწყება.“


ვროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას.

კლასი წერს, რომ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით ჩინეთი და რუსეთი სარგებლობენ.


„ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. გრენლანდიის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ თუ არის, ეს საკითხი NATO-ს ფარგლებში შეგვიძლია, განვიხილოთ. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას. ასევე, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ჩვენმა დავამ ყურადღება გადაგვატანინოს მთავარი ამოცანიდან, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას გულისხმობს,“ - წერს კალასი.


განახლება: 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს.


მისი განმარტებით, გრენლანდიის საკითხის მოგვარება დანიასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.