რუსეთი ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით, საკრუიზო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრობს - მედია

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საერთაშორისო კრუიზების აღდგენას აზოვის ზღვაზე, რომელზე სრული კონტროლიც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაამყარა. შესაბამის ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.


„შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების განახლება. მანამდე მარიუპოლსა და ბათუმს შორის არსებობდა საკრუიზო მარშრუტი. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს,“ - ნათქვამია დოკუმენტებში.


მასში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი კრუიზისთვის შესაძლოა, გამოყენებული იყოს გემი „მუსტაი ქარიმი“. მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ ამ თბომავალს გეგმურ ტექნიკურ და კოსმეტიკურ რემონტს უტარებენ.


„რია ნოვოსტი“ წერს, რომ აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად საჭირო სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, იეისკისა და მარიუპოლის პორტებს ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგული აქვთ.


თბილისში რუსეთის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.


ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის მარიუპოლის ოკუპაცია 2022 წელს მოახდინა.

გაეროს შეფასებით, ქალაქში მრავალსართულიანი შენობების 90%-მდე და კერძო სახლების 60%-მდე დაზიანდა ან განადგურდა რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად. იმავე წლის შემოდგომაზე რუსეთმა მოახდინა ანექსია უკრაინის ოთხი ოლქის, მათ შორის, დონეცკის ოლქის, რომლის ნაწილიც არის მარიუპოლი.