სომხეთში ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის მხარდამჭერებმა პოლიტიკური პარტია „ძლიერი სომხეთი“ დაარეგისტრირეს. ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, პარტია „ძლიერი სომხეთი“ დარეგისტრირებულია ალექსან ალექსანიანის, აშოტ ფარსიანის და ლენა მატევოსიანის მიერ, რომლებიც მოძრაობა „ჩვენი გზის“ წევრები არიან.
პარტია რეგისტრირებულია „ტაშირის“ კომპანიების ჯგუფის ერევნის ოფისში. მოძრაობის პრესმდივანმა, მარიანა კაგრამანიანმა განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით საორგანიზაციო მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში პოლიტიკური ძალა მკაფიო დღის წესრიგს და სომხეთის განვითარების ხედვას წარმოადგენს.
აღნიშნული პარტია 2025 წლის 8 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად პრო-სომხური ერქვა.
„ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს.
ბიზნესმენი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, 18 ნოემბერს კი მისი წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივეს.
სამველ კარაპეტიანს ბრალად ედება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჯარო მოწოდება, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება. მისი ადვოკატები სისხლის სამართლის საქმეს უკავშირებენ კარაპეტიანის მიერ 2025 წლის ივნისში სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან, გარეგინ II-სთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა (ასკ) და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის კონფლიქტის ფონზე.
კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მისი დაპატიმრების შემდეგ, სომხეთის მთავრობამ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო.