ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე "კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკითხზე, „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ რიგით მეშვიდე გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბერს მიღებულ დოკუმენტში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში წელსაც მკაფიოდ დაფიქსირებულია, რომ კონფლიქტი ევროპის საბჭოს ორ წევრ ქვეყანას - რუსეთსა და საქართველოს შორისაა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის უკანონო ქმედებები, მათ შორის გახშირებული სამხედრო წვრთნები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საქართველოს რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების დადება, ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობასთან შერწყმა, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების საინფორმაციო და საკოორდინაციო გაერთიანებული ცენტრების შექმნა, ე.წ. საბაჟო პუნქტების ფუნქციონირება საქართველოს ორივე რეგიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უკანონო ბარიერებისა და მავთულხლართების ინსტალაცია, მათ შორის გუგუთიანთკარისა და ჩორჩანა/წნელისის არეალში ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვა ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს, რაც საქართველოს ორი რეგიონის სტატუსის შეცვლისკენაა მიმართული, მათ შორის ე.წ. პასპორტების გაცემას და უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას, არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ძალა.

მინისტრთა კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დაუსჯელობის გამო, რაც ახლავს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტებს. ასევე, გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო.

დოკუმენტი მკაცრად გმობს, აფხაზეთის რეგიონში გადაადგილების შეზღუდვებს და ცხინვალის რეგიონში „გამშვები პუნქტების“ ხანგრძლივ დაკეტვას, რის გამოც უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებაში უწევს ცხოვრება ადგილობრივ მოსახლეობას.

მინისტრთა კომიტეტი აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ მოკლებულნი არიან ფუნდამენტურ უფლებას, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშესახები შედეგების მისაღწევად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს მაღალი პრიორიტეტულობა გააჩნია. ამავდროულად, გამოთქმულია შეშფოთება 2018 წლის ივნისიდან, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირების შეჩერების გამო.

მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას:

- შექმნას ყველა პირობა საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის;

- შეწყვიტოს ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მიმართ, უცხოელი რეზიდენტის სტატუსით რეგისტრაციისა და სახელის შეცვლის მოთხოვნის ჩათვლით;

- მოხსნას ყველა წინააღმდეგობა საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტების ობიექტური გამოძიებისა და დამნაშავე პირთა დასჯის მიზნით;

- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევისკენ მიმართული პოლიტიკა, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, შეწყვიტოს სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვა განსაკუთრებით Covid-19-ის პანდემიის ფონზე, შეწყვიტოს პირთა უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით და გახსნას ე.წ. გამშვები პუნქტები;

- უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება და შეაჩეროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება.ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტია, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება და იმ გარემოების ხაზგასმა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.