ფაშინიანი: ომი არ იქნება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობა დამყარდა და უსაფრთხოების უფრო საიმედო გარანტია, ვიდრე მშვიდობაა, არ არსებობს.


ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის არმიამ ფორმირების რთული პერიოდი გაიარა, ის გამოწვევებსა და სირთულეებს წააწყდა, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იცვლება და მისი თავდაცვისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება.


ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა შეიძინა თანამედროვე იარაღი, რომლის მიწოდებაც ადრე შეუძლებელი იყო. ასეთი შესყიდვები 2018-დან 2022 წლამდე შეუძლებელი იყო, რადგან, ფაშინიანის თქმით, „პარტნიორები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ მიწოდებული იარაღი არ განლაგდებოდა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ.“ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა გარანტია, რომ ამ იარაღის საიდუმლო პარამეტრები არ გახდებოდა ხელმისაწვდომი CSTO-სთვის [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია], რომლის წევრობაც ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებებისთვის.


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წლის სექტემბრამდე CSTO-ს პარტნიორები სომხეთის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ვალდებულებებსაც არ ასრულებდნენ და უარს ამბობდნენ უკვე შესყიდული იარაღის მიწოდებაზე, რაც ქვეყნისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ქმნიდა. მისი განმარტებით, ეს საფრთხე დაძლეული იყო ორი გადამწყვეტი ნაბიჯის შედეგად: პირველი -2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე აღიარეს, მეორე კი- სომხეთის წევრობის „გაყინვით“ CSTO-ში.


ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის არმიას არ აქვს და არ ექნება სხვა ამოცანა, გარდა 29 743 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის დაცვისა და საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა.


„ბოლო წლებში სომხეთის არმიამ შეიძინა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა - ისეთი ხარისხისა და სპეციფიკაციის, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაშიც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება მოხდა.


თუმცა, ასევე უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ გაკეთდა იგივე 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში? ჩვენი თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვის პოტენციალი, თავაზიანად უარს ამბობდა სომხეთის რესპუბლიკისთვის იარაღის მიყიდვაზე ორი ძირითადი მიზეზის დასახელებით: 1) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ იარაღი სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ არ განლაგდებოდა; 2) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ იარაღის საიდუმლო სპეციფიკაციები დაცული დარჩებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომელშიც სომხეთის წევრობა ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებების დადებისას.


ამავდროულად, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პარტნიორები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან უარს ამბობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ნაკისრი ხელშეკრულებითი ვალდებულებების შესრულებაზე, რათა უზრუნველყოფილიყო მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. ისინი ასევე უარს ამბობდნენ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მოწოდებაზე, რისთვისაც სომხეთს უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკისთვის და აშკარა გახდა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და ჩვენი სუვერენიტეტის ნულამდე შემცირების შესახებ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა.


ფაშინიანის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ძლიერი, თავდაცვისუნარიანი არმიის ყოლა, რათა წინ აღუდგეს პოტენციურ მომავალ საფრთხეებს, იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატია შეიძლება, არ იყოს საკმარისი. ქვეყანა, რომელსაც ძლიერი არმია არ ჰყავს, მოწყვლადია და აგრესიის ცდუნებას ქმნის. სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში.


ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტერიტორიული დავები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ერთობლივი მუშაობით მოგვარდება.


„ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით, რადგან ომი არ იქნება. სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობა დამყარდა და არ არსებობს უსაფრთხოების უფრო საიმედო გარანტია, ვიდრე მშვიდობაა. ჩვენ გავაძლიერებთ უსაფრთხოების ამ ყველაზე საიმედო გარანტიას,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დიდება  და გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას.


შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს.