„ლუკოილის“ უცხოურ აქტივებს ამერიკული კომპანია შეიძენს

„ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის. Reuters-ის ცნობით, რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-ისთვის თავისი უცხოური, 22 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მიყიდვას დათანხმდა. აქტივების გაყიდვა რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანიას აშშ-ის სანქციების გამო მოუწია. 2025 წლის ოქტომბერში ამერიკამ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“, „ლუკოილისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.


„ლუკოილის“ განცხადებით, Carlyle Group-ს მისი შვილობილი კომპანიის Lukoil International GmbH-ის მიყიდვის შესახებ შეუთანხმდა, რომელიც ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს აკონტროლებს.


„ლუკოილის“ ინფორმაციით, შეთანხმება ყაზახეთში არსებული აქტივების გაყიდვას არ მოიცავს.


„შეთანხმება გარკვეულ წინაპირობებს ექვემდებარება, მათ შორის საჭირო მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას, კერძოდ, აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ნებართვას,“ - ნათქვამია „ლუკოილის“ განცხადებაში.


აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ლუკოილს“ უცხოური აქტივების გაყიდვისთვის ვადა 28 თებერვლამდე მისცა.