დაუნინგ სტრიტის განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში ვიზის გარეშე 30 დღემდე მოგზაურობის უფლება ექნება. განცხადება პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. სტარმერი რვა წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ლიდერი გახდა, რომელიც ჩინეთს ეწვია.
მთავრობა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით პეკინთან უფრო მჭიდრო სავაჭრო კავშირების დამყარებას ცდილობს. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დიდ ბრიტანეთს ჩინეთთან უფრო ფრთხილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკის გამო.
სავიზო შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი უცნობია, თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.
დაუნინგ სტრიტმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ბრიტანული ვისკის იმპორტზე გადასახადების 10%-დან 5%-მდე შემცირებას დათანხმდა.
ამავდროულად, ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca 2030 წლამდე ჩინეთში 15 მილიარდ დოლარის (10.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ინვესტიციას ჩადებს, შექმნის ახალ საწარმოო ობიექტებს და გააფართოებს თავის სამუშაო ძალას ქვეყანაში.
პეკინში, სი ძინპინისთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება, ჩინეთში არსებული „უზარმაზარი შესაძლებლობები“ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ. გარდა ამისა, მიაღწიეს „კარგ პროგრესს“ არალეგალური მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაში. ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ 10 შეთანხმებას შორისაა, რომლებიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ექსპორტი, განათლება და სურსათის უვნებლობა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ასევე წამოჭრა საკამათო საკითხები, მათ შორის, დემოკრატიის მომხრე აქტივისტის ჯიმი ლაის დაპატიმრება და სინძიაგში უიღურული უმცირესობის მიმართ მოპყრობა.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ურთიერთობებში „გარკვეული გადახვევები და შემობრუნებები შეინიშნება, რაც ქვეყნების ინტერესებს არ ემსახურებოდა.“
მან განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის დიალოგი „აუცილებელია“ „მღელვარე და ცვალებად“ სამყაროში.
შეხვედრის შემდეგ, კირ სტარმერმა პრეზიდენტ სი ძინპინს საჩუქრად გადასცა ფეხბურთის ბურთი, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს შორის პრემიერ ლიგის მატჩში გამოიყენეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არსენალის გულშემატკივარია, ჩინეთის პრეზიდენტი კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უჭერს მხარს.
თავის მხრივ, სი ძინპინმა ბრიტანელ კოლეგას ცხენის სპილენძის ქანდაკება უსახსოვრა.
ეს ვიზიტი სავაჭრო დაძაბულობის გამწვავების პერიოდში, მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას ჩინეთთან „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ ხელმოწერის გამო 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა.
სტარმერის ვიზიტი ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს.