რუსულმა „ლუკოილმა“ კიშინიოვის აეროპორტში მდებარე ობიექტი მოლდოვის სახელმწიფოს დაუბრუნა

რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“, რომელმაც ამერიკული სანქციების გამო უცხოური აქტივები დათმო, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის ბენზინგასამართი ობიექტი მოლდოვას, სახელმწიფო საკუთრებაში დაუბრუნა.  გარდა ამისა, მოლდოვას ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია იძულებული გახდა, გადაეხადა მრავალათასიანი ჯარიმა.


მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ „ლუკოილ მოლდოვასთან” შესაბამისი დოკუმენტი 29 იანვარს გაფორმდა.


მოლდოვის სპეციალურმა საბჭომ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების საკითხებს განიხილავს, კიშინიოვის აეროპორტიდან „ლუკოილის“ გასვლისა და 2005 წელს განხორციელებულ პრივატიზაციამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო.


საბჭოს გადაწყვეტილებით, „ლუკოილს“ აეკრძალა საქმიანობა სფეროებში, რომლებიც მოლდოვის სტრატეგიულ ინტერესებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება.


რუსულ ნავთობკომპანიას კიშინიოვის აეროპორტში მდებარე ობიექტი მოლდოვის სახელმწიფოსთვის უნდა დაებრუნებინა 2026 წლის 9 იანვრამდე, თუმცა ეს ვადა დაარღვია, რის გამოც, მოლდოვის მთავრობამ 5 მილიონი ლეით (დაახლოებით 117 ათასი აშშ დოლარი) დააჯარიმა.