რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე, მოსკოვიდან, გასულ თვეში ბრიტანელი დიპლომატის გაძევებაზე საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა რუსი დიპლომატი გააძევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ბრალდებები უსაფუძვლო იყო, ხოლო გაძევება გაუმართლებელი.
„რუსეთის ელჩის დაბარებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა ნათლად განაცხადა, რომ ბრიტანეთი მისი საელჩოს თანამშრომლების დაშინებას არ შეეგუება, ამიტომ, საპასუხო ზომას ვიღებთ და რუსი დიპლომატის აკრედიტაციას ვაუქმებთ,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
„რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ქმედება ჩაითვლება ესკალაციად და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება,“ - განმარტავს სამინისტროს სპიკერი. ლონდონში რუსეთის საელჩომ Reuters-ის მიერ კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.
ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი გარეტ სამუელ დევისი გამოავლინეს, რომელიც მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების მეორე მდივნის სტატუსით ფარულად მუშაობდა.“
უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთმა და დასავლეთმა არაერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტო ინტენსივობის ჯაშუშური კამპანიების წამოწყებაში, ხოლო მოსკოვში მყოფი დასავლელი დიპლომატები აცხადებენ, რომ ისინი თვალთვალისა და შევიწროების ობიექტები არიან. ბრიტანეთმა გააფრთხილა რუსეთი, რომ არ გაეტარებინა ეს კურსი თავისი დიპლომატების წინააღმდეგ.