არაბთა გაერთიანებული საამიროები ადგილობრივ უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრს, დოქტორ აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავარს შეხვდა.

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ადგილობრივ უნივერსიტეტებში.

 აღინიშნა, რომ სტუდენტების მიღება მიმდინარე წელს დაიწყება.

 გივი მიქანაძის თქმით, ეს ინიციატივა სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით პარტნიორობის გაძლიერებაზე იმუშავებს. მხარეებმა, საგანმანათლებლო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი პროექტები.