მოსკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსული შიდა პასპორტების“ გაცემის პუნქტს აუქმებს

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსული ე.წ. შიდა პასპორტების (ე.წ. პირადობის მოწმობის) გამცემი პუნქტის მუშაობა შეჩერდება. ამის შესახებ ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. რუსეთის საელჩო აცხადებს.


განცხადებაში მითითებულია, რომ „რუსეთის შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა „აფხაზი მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით“, "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რომელსაც მხარეებმა 2022 წელს მოაწერეს ხელი და 2025 წლის 25 აპრილს შევიდა ძალაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე". გარდა ამისა, 2025 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გაიხსნა „რუსული მართვის მოწმობების გაფორმების პუნქტი.“


„ვინაიდან აფხაზი პოლიტიკური მოღვაწეები, მათ შორის, სახალხო კრების დეპუტატები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების ფუნქციონირების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივისცემით ეკიდება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია, შეაჩეროს მათი ფუნქციონირება. შესაბამისად, ამ დოკუმენტების გაცემა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის გადავა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.


ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებდნენ ე.წ. პარლამენტის წევრები, მათ შორის, კან კვარჩია, რომელზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა, ასევე, ადვოკატი ირაკლი ბჟინავა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დონის როსტოვში 5 თებერვალს დააკავეს.



შეგახსენებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიებიდან.