ირაკლი რუხაძე: პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე გონივრული გამოსავალია „იმედთან“ დამშვიდობება

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს.  რუხაძე აღნიშნავს, რომ „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის „იმედთან“ დამშვიდობება.“


მისივე თქმით, „იმედის“ 50%-ს შეიძენს "პრაიმ მედია გლობალი“, რომელიც „მრავალი წელია, თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე.“


50% გადავა „იმედის“ გენერალური დირექტორის მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში.


„არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ, ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ, არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია, თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში,“ - ნათქვამია ირაკლი რუხაძის განცხადებაში, რომელსაც "იმედი" ავრცელებს.