უკრაინამ და საფრანგეთმა იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა კატრინ ვოტრენმა ხელი მოაწერეს განზრახვის წერილს ორ ქვეყანაში იარაღის ერთობლივი წარმოების შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს გზას უხსნის უკრაინასა და საფრანგეთს შორის თავდაცვის ინდუსტრიაში მასშტაბური ერთობლივი პროექტების განხორციელებას.


ორი ქვეყნის მთავრობები და თავდაცვის კომპანიები ყურადღებას გაამახვილებენ ინოვაციური რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების შემუშავებაზე.


ფედოროვმა აღნიშნა, რომ უკრაინა დაინტერესებულია SAMP/T, Mistral და Crotale სისტემების, ასევე მათთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიწოდების გაგრძელებით. ის და მისი ფრანგი კოლეგა შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ SAMP/T სისტემის გაუმჯობესებაზე, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ ბალისტიკურ საფრთხეებს.


ასევე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ფრანგული მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის Mirage 2000-ის ახალი პარტიის გაგზავნა იგეგმება.


გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა უკრაინაში AASM Hammer-ის ტიპის მართვადი საჰაერო ბომბების რეკორდული რაოდენობის მიწოდებაზე, ასევე, Aster-ის ტიპის ანტიბალისტიკური რაკეტების წარმოებისა და მიწოდების დაჩქარებაზე.


„განხილვის პროცესშია უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის, კერძოდ, SCALP-ის რაკეტების მიწოდება,“ - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


ფედოროვის თქმით, 9 თებერვალს ახალი შეთანხმების ხელმოწერამდე, საფრანგეთის დელეგაციამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციები მოინახულა, სადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა მათ ფრანგული SAMP/T, Mirage 2000 და Mistral-ის აღჭურვილობა აჩვენეს.