ფაშინიანი 2026 წლის არჩევნებში მთავრობის ყოფილი წარმომადგენლებისა და ოლიგარქების დამარცხებას პროგნოზირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოლიგარქები დამარცხდებიან. 


„გარწმუნებთ, რომ ყველა ის ძალა, რომელიც მე ვახსენე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერთად მიიღებს გამანადგურებელ მარცხს. ყოფილი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი და ოლიგარქი საბოლოოდ და შეუქცევადად იქნება განდევნილი პოლიტიკური ასპარეზიდან. 2026 წლის შემდეგ პოლიტიკაში ვეღარ ნახავთ ვერც ერთ ოლიგარქს და ვერც ერთ ყოფილ პრეზიდენტს. 8 ივნისს ჩვენ გავიღვიძებთ ქვეყანაში, სადაც სომხეთი და სომეხი ხალხი დაუბრუნდებიან საკუთარ ისტორიას,“ — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


„რუსეთში არსებობენ გარკვეული წრეები, რომლებიც შემდეგი ლოგიკით ხელმძღვანელობენ: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა მათთვის არახელსაყრელია, რადგან ეს სომხეთს სრულად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევს. და თუ მტრობა გაგრძელდება, სომხეთი იძულებული იქნება, კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაეხუტოს რუსეთს.


ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და ოთხი მეზობელი ქვეყანა გვყავს. ვინ არის ეფექტიანი ლიდერი — ის, ვისაც ამ ოთხივე მეზობელთან მშვიდობა და კარგი ურთიერთობა სურს, თუ ის, ვინც მუდმივად კონფლიქტებს პროვოცირებს? რომელი ქვეყანაა უფრო სუვერენული და განვითარებული — ის, რომელსაც მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, თუ ის, რომელიც მუდმივ კონფლიქტებშია ჩართული?


სიხარულით აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და რუსეთის მთავრობის მრავალი მაღალი თანამდებობის პირი ამ შეხედულებას არ იზიარებენ,“ — ამბობს ფაშინიანი.


სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი ისტორიულ კონტექსტში შეეხო ოპოზიციის ბრალდებებს, თითქოს, მთავრობა პრო-თურქულ და პრო-აზერბაიჯანულ პოლიტიკას ატარებს, რასაც, მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური წრეც იმეორებს.