ალიევის თქმით, რუსეთმა კიევში, აზერბაიჯანის საელჩოზე „მიზანმიმართული თავდასხმა“ განახორციელა

„უკრაინაში არამხოლოდ აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არამედ, საელჩოსაც სამჯერ დაესხნენ თავს,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე [სახელწოდებით „ღია დერეფნის პოლიტიკა? ტრანსკასპიური თანამშრომლობის გაღრმავება] განაცხადა.


„პირველი დარტყმის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ეს, შესაძლოა, შემთხვევით მომხდარიყო. ამის შემდეგ რუსულ მხარეს გადავეცით ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინატები, საკონსულო განყოფილების, კულტურული ცენტრის, საელჩოს.


ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ორი თავდასხმა იყო. ეს განზრახ თავდასხმა იყო აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე. სპეციალური განცხადებები გავავრცელეთ, ასევე დავპატიჟეთ ელჩი და დიპლომატიური ნოტა გადავეცით. მხოლოდ დიპლომატიური გზით ვმოქმედებთ, სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.


მაგრამ, რა თქმა უნდა ეს არამეგობრულია აზერბაიჯანის მიმართ,” - განაცხადა ალიევმა.