სომხეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან ტექნიკურ-სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. ეს გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.
„შეთანხმების ხელმოწერა შეავსებს თანამშრომლობის დღის წესრიგს, შექმნის საფუძველს ორი თავდაცვის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის, ასევე ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის წინ წაწევას,“- ნათქვამია გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში.
ასევე, შეთანხმება მიზნად ისახავს ორ მხარეს შორის ტექნიკურ-სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და პროცედურების დადგენას, რომლის მიხედვითაც, ისინი ითანამშრომლებენ თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსასარგებლო პრინციპების საფუძველზე.
სომხეთსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს, 2004 წლის 6 სექტემბერს, ვარშავაში სომხეთისა და პოლონეთის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.