პოლონეთი ნაღმების გამოყენების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას ტოვებს

პოლონეთი რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხისგან აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად, ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს გამოიყენებს - ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას ან გამოყენებას კრძალავს.


„ეს ნაღმები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია იმ თავდაცვითი სტრუქტურისა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთში, ჩრდილოეთით რუსეთთან და აღმოსავლეთით ბელარუსთან საზღვარზე,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ზალევსკიმ.


მან აღნიშნა, რომ პოლონეთმა თავი უნდა დაიცვას რუსეთისგან, ქვეყნისგან, რომელსაც ძალიან აგრესიული განზრახვები აქვს მეზობლების მიმართ და რომელსაც თავად არასდროს აუღია ნაღმების აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება.


პოლონეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების, რომელიც „ოტავას კონვენციის“ სახელითაც არის ცნობილი, რატიფიცირება 2012 წელს მოახდინა და 2016 წელს დაასრულა საკუთარი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის განადგურება. დოკუმენტი ხელმომწერ მხარეებს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შენახვას ან გამოყენებას უკრძალავს.


რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეზობელი ქვეყნები ხელახლა აფასებენ საერთაშორისო ხელშეკრულებაში მონაწილეობას. გასულ წელს ვარშავა შეუერთდა ფინეთს, სამ ბალტიისპირულ სახელმწიფოს - ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას, უკრაინას და გამოაცხადა, რომ ხელშეკრულებიდან გადიოდა. რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად თითქმის სამ ათეულ ქვეყანას შორისაა, რომელიც არასდროს მიერთებია ოტავის ხელშეკრულებას.