ტრამპმა აშშ-ის მთავრობას უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ფაილების გასაჯაროება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ.


„გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გამოქვეყნების პროცესი, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია ამ ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან,“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.


ტრამპმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა „საიდუმლო ინფორმაციის“ გამჟღავნებაში დაადანაშაულეს.


„არ ვიცი, რეალურია თუ არა. შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მან დიდი შეცდომა დაუშვა,“ - აღნიშნა ტრამპმა.


კითხვას, მართლაც არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები, ობამამ უპასუხა: „ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს.“ მან ასევე უარყო შეთქმულების თეორიები ნევადაში არსებული სამთავრობო ობიექტის შესახებ, სადაც თითქოს, დედამიწის მიღმა სიცოცხლის ნიმუშები არსებობს. ყოფილმა პრეზიდენტმა Instagram-ის პოსტში განმარტა, რომ სამყაროს უკიდეგანობის გათვალისწინებით, ის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის სტატისტიკურ ალბათობას გულისხმობდა.


2024 წლის ანგარიშში პენტაგონმა განაცხადა, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“, რომელიც ადასტურებს, რომ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს უცხო პლანეტების სიცოცხლეს შეხვედრიან. ობიექტების უმეტესობა, რომლებიც შეცდომითაა მიჩნეული უცხოპლანეტელებად, დედამიწაზე შექმნილი ჩვეულებრივი პროდუქტები იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1950-იან და 1960-იან წლებში უცხოპლანეტელებისადმი ინტერესის ზრდა შეიძლება მივაწეროთ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავების სატესტო ფრენებს და გარკვეული კოსმოსური ტექნოლოგიების ტესტირებას.