ევროკავშირი რუსეთის დიპლომატიურ მისიას 40 თანამშრომლამდე შეზღუდავს და ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ დავასანქცირეთ კიდევ უფრო მეტი პირი რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. მე ასევე გადავწყვიტე, რომ მაქსიმუმამდე შევამცირო ევროკავშირთან რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის რაოდენობა – 40 ადამიანამდე. ჩვენ არ შევეგუებით დიპლომატიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და კომისიასთან ერთად ვმუშაობთ, რომ შენგენის ზონაში არ დავუშვათ ასობით ათასი ყოფილი რუსი ჯარისკაცი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენს ქუჩებში ომის დამნაშავეები და დივერსანტები დადიოდნენ,“ - განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგარეო საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის (FIMI) საკითხზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე ომი არამხოლოდ იარაღით, არამედ, „ტყუილებითა და ალგორითმებით“ მიმდინარეობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი წელს გავლენის მოხდენის კამპანიებზე მილიარდების დახარჯვას გეგმავს.
კალასი მტრული ონლაინ საქმიანობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა.
მან დემოკრატიების დასაცავად, დეზინფორმაციული ქსელების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
მის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
„იმ ქერა ვირთხამ, თქვა, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასიათასობით ყოფილმა რუსმა სამხედრომ შენგენის ზონაში ფეხი ვერასდროს დადგას. რა დანაკლისია ჩვენი მებრძოლებისთვის. რა გაეწყობა, მათ შეუძლიათ, თუ მოინდომებენ, იქ უვიზოდაც შევიდნენ,“ - წერს მედვედევი.
ევროკავშირმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის რვა პირს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ სასჯელაღსრულების კოლონიებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელები.