მედია: სომხეთმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირს ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა

სომხეთმა ევროკავშირს სწრაფი ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის გაგზავნა სთხოვა, რათა ერევანს დაეხმარონ ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თავიდან აცილებაში.


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ბრიუსელს შესაბამისი წერილი გაუგზავნა დახმარების თხოვნით.


გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ევროკავშირმა დაახლოებით 20 კაციანი მსგავსი ჯგუფი გაგზავნა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, რათა მოლდოვის ხელისუფლებას დახმარებოდა რუსეთიდან სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის ადრეულ გამოვლენასა და წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ერევანში ევროკავშირის მუდმივი სამოქალაქო მისია შეიქმნას.