გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, რომლის თავმჯდომარე თვეში ერთხელ იცვლება, აშშ-ის თავმჯდომარეობის პერიოდის პირველ სხდომას ამ ქვეყნის პირველი ლედი მელანია ტრამპი უხელმძღვანელებს.
აშშ საბჭოს თავმჯდომარეობას 2026 წლის მარტიდან ბრიტანეთისგან ჩაიბარებს.
ამერიკული ტელეკომპანიები CNN-ი და Fox News-ი პირველი ლედის ოფისზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ორშაბათს, 2 მარტს დანიშნულ სხდომას, რომელზეც განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე უნდა იმსჯელონ, თავმჯდომარეობას მელანია ტრამპი გაუწევს.
ეს იქნება რომელიმე ქვეყნის პირველი ლედის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის წაყვანის პირველი შემთხვევა.
ქალბატონი ტრამპის ლიდერობა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომლის დროსაც წევრები განიხილავენ განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს,“ – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2018 წელს პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა წამოიწყო კამპანია Be Best, რომლის მიზანია ბავშვების სოციალური, ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ძირითადი პრობლემების, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებისა და კიბერბულინგის დაძლევის გზით.