პუტინის თქმით, „ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა“

რუსეთს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილში, რომელიც მან ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა, წერია, რომ ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა.


პუტინმა თავის ირანელ კოლეგას სთხოვა, აიათოლას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის გულწრფელი სამძიმარი გადაეცა.


„ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, ამ ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანით,“ – აღნიშნულია პუტინის წერილში.


ცნობისთვის, რუსეთი და ჩინეთი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმებს აკრიტიკებენ და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებენ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სერგეი ლავროვმა და ვან იმ დაგმეს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული მასირებული სამხედრო დარტყმები, რომლებიც განხორციელდა თეირანის მხრიდან დიალოგისადმი გახსნილობის მიუხედავად.


მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი კოორდინაციას გაუწევენ ქმედებებს გაეროს უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსა და სხვა ორგანოებში. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ მოსკოვი და პეკინი.