კატარში აცხადებენ, რომ ირანის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის „სუ-24“-ის ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.,

„ასევე, კატარის საჰაერო და საზღვაო ძალებმა დღეს ირანიდან წამოსული შვიდი ბალისტიკური რაკეტა და ხუთი დრონი ჩამოაგდეს“, - ნათქვამია კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონებმა და რაკეტებმა თავიანთ „სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.“

კატარის თავდაცვის უწყება „მოქალაქეებსა და ვიზიტორებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.“


კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ.


კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე.

„მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით,“ - განაცხადა პრესსპიკერმა.


მისი ინფორმაციით, მათზე განახორციელეს 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა და ასევე თავდასხმა დრონებით, თავდასხმის სამიზნე კი რიგ შემთხვევაში გახდა სამოქალაქო და კომერციული ობიექტები. მისივე თქმით, კატარმა მიიღო დამატებითი ზომები და აქვს მჭიდრო კოორდინაცია როგორც აშშ-სთან, ისე გალფის სახელმწიფოებთან.