საბერძნეთის სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 36 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია კუნძულ კრეტაზე საზღვაო ბაზაზე ჯაშუშობაში - ირანის ისლამური რესპუბლიკის სასარგებლოდ. Greekreporter-ი საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულს „პირდაპირი კავშირი ჰქონდა ირანში წყაროებთან სპეციალური, დაშიფრული აპლიკაციით. კაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
წყარომ, რომელიც საბერძნეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან პოტენციურ კავშირებს იძიებს.
კაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. წყაროების ცნობით, მას ბრალდებებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.
ეს ბაზა ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს სტრატეგიული ობიექტია და NATO-ს ყველაზე დიდი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა.
საზღვაო ბაზების შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში შარშან მაისშიც დააკავეს საქართველოსთან დაკავშირებული ორი პირი.
იმავე პერიოდში საბერძნეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეც, - გამოძიება ახლანდელი დაკავების ამ ინციდენტთან დაკავშირებასაც განიხილავს.
მასზე მუდმივად იმყოფება 1000-მდე ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივებთან ერთად, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, ამერიკელები და არასამხედრო პერსონალი.
ბაზა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა არამხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ, ალიანსისა და შეერთებული შტატებისთვის. ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა შაბათს ირანზე დარტყმები განახორციელეს.