დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი კვიპროსის ბაზაზე საჰაერო თავდაცვის ძალებს გაგზავნიან

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და საბერძნეთი კვიპროსზე საჰაერო თავდაცვის ძალების გაგზავნას გეგმავენ მას შემდეგ, რაც კუნძულზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე დრონები შეიჭრნენ. ამის შესახებ კვიპროსის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ასევე, საბერძნეთმა პირობა დადო, რომ ხმელთაშუა ზღვის ამ სახელმწიფოს დაიცავს.


დიდი ბრიტანეთი კვიპროსზე სამხედრო გემსაც გზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა.

მან თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერების ბრძანება გასცა, მას შემდეგ, რაც კვირას, კვიპროსზე მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

„ჩვენ ყოველთვის დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა სტარმერმა.

სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთი კვიპროსში დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების მქონე ვერტმფრენებსა და სამხედრო გემს, HMS Dragon-ს გაგზავნის.


მაკრონის თქმით, საფრანგეთი დათანხმდა კვიპროსზე დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნას, მათ შორის, ფრანგული ფრეგატის  [სამხედრო ხომალდი] გაგზავნას, რომელიც კვიპროსის სანაპიროსთან განლაგდება.


„ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის უსაფრთხოება,“ - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.


კვიპროსს მოკრძალებული თავდაცვითი შესაძლებლობები აქვს, იქ საჰაერო ძალები საერთოდ არ არსებობს.


აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ და თეირანის მიერ რეგიონში საპასუხო იერიშების ფონზე, კვიპროსზე, ბრიტანულ ბაზას ირანულმა დრონმა დაარტყა.


ბაზა ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება, თუმცა ის კვიპროსელებით დასახლებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.


კვიპროსის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანული წარმოების Shahed-ის დრონმა, რომელმაც RAF Akrotiri-ის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს მცირე ზიანი მიაყენა, რადარებს თავი დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო აარიდა და, სავარაუდოდ, ის ლიბანიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ გაისროლა. ორშაბათს, 3 მარტს, კვიპროსზე კიდევ ორი ​​დრონი „ჩაჭრეს.“


საბერძნეთმა მოგვიანებით, კუნძულზე F-16-ის ტიპის ოთხი გამანადგურებელი გაგზავნა.


კვიპროსისკენ ორი ფრეგატიც მიცურავდა, რომელთაგან ერთი აღჭურვილი იყო დრონების საწინააღმდეგო Centauros-ის ჩამკეტი სისტემით. სამშაბათს, საკითხთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაგზავნის თუ არა სამხედრო გემს ბაზის დასაცავად.


Centauros-ს, რომელიც წარმატებით  გამოიყენეს იემენის სანაპიროსთან საზღვაო მარშრუტებზე თავდასხმის დროს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ, შეუძლია, დაბალ სიმაღეზე მფრინავი დრონები აღმოაჩინოს და მწყობრიდან გამოიყვანოს, მათ შორის ისეთი დრონები, რომლებიც რელიეფს ეხებიან ან ზღვის ზედაპირზე ცურავენ. „საბერძნეთი ადგილზეა და გააგრძელებს იქ ყოფნას, რათა ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს კვიპროსის რესპუბლიკის დაცვას,“ - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენიასმა 3 მარტს, ნიქოზიაში ვიზიტის დროს.