კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ კვირას ირანული დრონი კვიპროსში ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა.
მსხვერპლი არ არის, მიყენებული ზიანი მინიმალურია. ბრიტანეთმა უსაფრთხოება გაზარდა.
„გარდიანი“ წერს, რომ კვიპროსში, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზას ცალმხრივი თავდასხმის დრონი დაესხა თავს, რამაც ბაზის ნაწილობრივი ევაკუაცია გამოიწვია.
ევროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს კვიპროსში უნდა გამართულიყო, გადაიდო მას შემდეგ, რაც დრონმა ღამით ბრიტანეთის იქ განლაგებულ საჰაერო ბაზას დაარტყა.
„ჩვენ გვქონდა ერთი, იზოლირებული ინციდენტი, როდესაც კვიპროსში, აკროტირიში, ბრიტანული ბაზა უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა. მოვლენების მოულოდნელი განვითარების გათვალისწინებით, რომელმაც სამწუხაროდ, გავლენა მოახდინა კვიპროსში დღევანდელ ფრენებზე, კვიპროსის თავმჯდომარეობამ გადაწყვიტა, ზოგადი საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გადადოს,“ - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.
უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ზუსტდება.
„უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ამჟამად დაზუსტების პროცესშია, თუმცა დადასტურდა, რომ რესპუბლიკა თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა,“ - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა, რომ მისი ძალები კვიპროსის ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ახდენენ.
უწყების ინფორმაციით, დარტყმა სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზაზე შუაღამისას განხორციელდა.
კვიპროსში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, განლაგებულია გაერთიანებული სამეფოს ორი საჰაერო ბაზა, რომლებიც ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება. კვიპროსი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზა ქალაქ ლიმასოლთან ახლოს მდებარეობს. ლონდონმა ცოტა ხნის წინ ამ ბაზაზე თავდაცვითი ზომების სახით დამატებითი საშუალებები განათავსა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და F-35 ტიპის თვითმფრინავები.
BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რეგიონში მყოფი ჯარების დაცვა უმაღლეს დონეზეა. მანამდე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარები და სამოქალაქო მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში არიან ირანის მხრიდან განურჩეველი შეტევების რისკის ქვეშ.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პირველ მარტს, ბრიტანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში, რადგან რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო გზად მიიჩნევს მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შემუშავებაზე.
მაგრამ, სტარმერის თანახმად, ირანი დიდ საფრთხეს უქმნის ბრიტანელებსაც და ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს და ამ საფრთხის აღსაკვეთად საჭიროა ირანის რაკეტების განადგურება. სტარმერის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ითხოვა ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენება და ლონდონმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა, რათა ირანს ხელი შეუშალოს მთელ რეგიონზე სარაკეტო შეტევებსა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში.
სტარმერის განცხადებითვე, მიიწვევენ უკრაინელ ექსპერტებსაც, რომლებიც ბრიტანელებთან ერთად სპარსეთის ყურეში პარტნიორებს დაეხმარებიან ირანული დრონების ჩამოგდებაში.