სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში ქვეყნების "გარშემო შექმნილი რთული ვითარების" ფონზე. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვამ რომ "საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყიბად.“
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად, არსებობს ისტორიული შესაძლებლობა.
მინდა, ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები.
იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება TRIPP-ის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში.
- 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
- „ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“ - ირაკლი კობახიძე
უფრო ადრე, „პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში,“ - იუწყება ქართული მხარე.
საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო-სომხეთს შორის არის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და, ამ თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია.
„სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- „რაც შეეხება ტურიზმსა და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის მიმართულებით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში, ესტუმრონ სომხეთს და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას.
„არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.