საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს სოლიდარობა გამოუცხადა და მომხდარის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
- ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა
- საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის სიმტკიცე," - ნათქვამია განცხადებაში.