ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ამოცანა არასდროს დაუსახავს და ერევნის მიდგომაა, იხელმძღვანელოს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სომხეთი არც მომავალში დაისახავს მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ან რუსეთის ინტერესების დაზიანებას.
„სომხეთის მიდგომა ყოველთვის არის შემდეგი: იხელმძღვანელოს ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებით,“ - განაცხადა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეუერთდება სომხეთი ევროკავშირს, თუ დღის წესრიგში რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დგას.
ჟურნალისტის სიტყვებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი მიდის დასავლეთისკენ, ფაშინიანი ასე გამოეხმაურა:
„მე არ მახსოვს, ოდესმე განმეცხადებინოს, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. ჩვეულებრივ, მე ვამბობ, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ...დიახ, სომხეთმა მიიღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, და მე ამ საკითხზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონტექსტშიც გამომითქვამს აზრი: ჩვენ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ გზის იმ წერტილში არ ვართ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას კეტავდეს. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას ბლოკავდეს, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ ვიმოძრაოთ, რომ თვალთახედვის პრობლემა არ გვქონდეს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.