ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით, ტრანსკასპიური დერეფანი შეიძლება, იქცეს გზად არამხოლოდ ევროპისკენ, არამედ, მშვიდობისკენაც. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„დავფიქრდეთ ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი. ერთი შეხედვით, მისი მიზანია, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის მოგზაურობის დრო 30-დან 15 დღემდე შეამციროს, მაგრამ ეს პროექტი უფრო მეტია.
ეს დერეფანი დააკავშირებს წარსულში ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს სამხრეთ კავკასიაში და ასევე მათ დააკავშირებს ევროპასთან. ისე, როგორც ქვანახშირმა და რკინამ გააერთიანა ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ახალ დერეფანს შეუძლია, ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს პრობლემურ რეგიონში და იყოს გზა არამხოლოდ ევროპისკენ, არამედ, მშვიდობისკენაც.
ჩემი მოსაზრება მარტივია: ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტები და მოქმედების მექანიზმი,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.