ევროკავშირმა ისლანდიასთან თავდაცვის პაქტს მოაწერა ხელი.
შეთანხმების მიზანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, განსაკუთრებით არქტიკაში, რომელიც გლობალური დათბობის შედეგად ზღვის ყინულის დნობის გამო სულ უფრო მეტ სტრატეგიულ ინტერესს იწვევს.
„ამჟამინდელ არასტაბილურ უსაფრთხოების კონტექსტში, ევროკავშირისა და ისლანდიისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იმპულსს სძენს მათ ისედაც ღრმა ურთიერთობებს,“ - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა.
ეს არის ბოლო შეთანხმება იმ შეთანხმებების სერიიდან, რომლებიც ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ დადო კანადასთან, ბრიტანეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან.
ისლანდიის მთავრობა ამ თვეში წინადადებით გამოვიდა, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი 29 აგვისტოს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 2015 წელს შეჩერებული მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მცდელობამ მეზობელ ისლანდიაში შეშფოთება გამოიწვია. მის თავდაცვას ამჟამად აშშ და ნატო უზრუნველყოფენ, რადგან მას საკუთარი სამხედრო ძალები არ ჰყავს.
კუნძულ სახელმწიფოს უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, როგორც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრს, რომელიც უზარმაზარი თავისუფალი სავაჭრო ზონაა და რომელიც მოიცავს ასევე, შვეიცარიასა და ნორვეგიას.