NATO-ს მისიამ ერაყი დატოვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამხედრო ალიანსმა პარასკევს, 20 მარტს განაცხადა მას შემდეგ, რაც ირანის ომის შედეგები ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიამ „მთელი თავისი პერსონალი“ ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გადაიყვანა. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, განაცხადა, რომ ეს რიცხვი „რამდენიმე ასეულ“ ჯარისკაცს შეადგენს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ერაყის რესპუბლიკას და ყველა მოკავშირეს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს NATO-ს პერსონალის ერაყიდან უსაფრთხოდ გადაყვანას,“ - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა.
ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმა, ესპანეთმა და ხორვატიამ გამოაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები გაიყვანეს, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში კონფლიქტის ფონზე. NATO-ს განცხადებით, მისია იტალიის ქალაქ ნეაპოლში მდებარე სამხედრო შტაბ-ბინიდან გაგრძელდება. ალიანსის ცნობით, მისია ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის კონსულტაციის გაწევასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაში დახმარებაზეა ორიენტირებული.