ჰორმუზის სრუტის გამო, ბრიტანეთმა აშშ-ს ბაზები დაუთმო

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან ირანის იმ სარაკეტო ობიექტებზე დარტყმას შეძლებს, საიდანაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმის.



„მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიცავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს „უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა.“