FBI: Signal-ზე რუსი ჰაკერების სამიზნე ამერიკელები გახდნენ

FBI-მ დ აშშ-ის კიბერთავდაცვის სააგენტო CISA-მ განაცხადეს, რომ აპლიკაცია Signal-ზე, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე ამერიკელები გახდნენ. 


FBI და CISA ერთობლივ განცხადებაში, დეტალების გასაჯაროების გარეშე აღნიშნავენ, რომ ჰაკერებმა წარმატებით შეაღწიეს ათასობით ასეთ ანგარიშში. 


„აქტივობა მიმართულია მაღალი სადაზვერვო ღირებულების მქონე პირებისკენ, მათ შორის არიან აშშ-ის მთავრობის მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტები,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ნიდერლანდების დაზვერვის წარმომადგენლები ამ თვის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერებმა დაიწყეს გლობალური კიბერკამპანია, რათა მოეპოვებინათ წვდომა Signal-ისა და WhatsApp-ის ანგარიშებზე, რომლებსაც იყენებენ ოფიციალური პირები და სხვა დაზვერვის სამიზნე ჯგუფები. ამ გაფრთხილების საპასუხოდ, Signal-მა განაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმები „განხორციელდა დახვეწილი ფიშინგის კამპანიების მეშვეობით.“