კატარიდან გაზის მიწოდების შეჩერების ფონზე, იტალია ალტერნატივას ეძებს

კატარიდან გაზის მიწოდების შეჩერების ფონზე, იტალია მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, აზერბაიჯანთან და ალჟირთან აწარმოებს.

ამის შესახებ იტალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟილბერტო პიჩეტო ფრატინმა მილანში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„კატარის გათხევადებული ბუნებრივი აირის ქარხნის დაბომბვამ დამანგრეველი გავლენა იქონია ფასებზე,“ - აღნიშნა მინისტრმა.


ამჟამად იტალია აზერბაიჯანიდან გაზის უმსხვილესი მყიდველია.


„ირანის თავდასხმებმა კატარის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის სიმძლავრის 17% გაანადგურა, რამაც სავარაუდოდ, 20 მილიარდი დოლარის წლიური შემოსავლის დანაკარგი გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა ევროპისა და აზიის მიწოდებას,“ - განუცხადა Reuters-ს „QatarEnergy“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კატარმა ამ თვის დასაწყისში, გაზის ექსპორტზე ფორსმაჟორული მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.


ევროპას ბუნებრივი აირი ტრანსადრიატიკული მილსადენით (TAP) მიეწოდება.


ის წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპულ სეგმენტს, რომელიც კასპიის საბადოებს ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს და უზრუნველყოფს კონტინენტის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას.

TAP-ის წლიური სიმძლავრე 10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობით.


2026 წლის პირველი იანვრიდან, TAP-მა ახალი გაზის ტრანსპორტირების შეთანხმების (GTA) ფარგლებში დამატებითი გრძელვადიანი სიმძლავრე უზრუნველყო. 2025 წელს, აზერბაიჯანმა იტალიას 9.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ს შეადგენს.


გასულ წელს აზერბაიჯანმა 51.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, მათ შორის, 14.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოებიდან, 27.9 მილიარდი კუბური მეტრი შაჰ-დენიზიდან, 1.6 მილიარდი კუბური მეტრი აბშერონის საბადოდან და 7.9 მილიარდი კუბური მეტრი SOCAR-ის მიერ.


ამ პერიოდში გაზის ექსპორტმა სულ 25.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, კერძოდ: 12.8 მილიარდი კუბური მეტრი - ევროპაში, 9.6 მილიარდი კუბური მეტრი  - თურქეთში (მათ შორის, 5.6 მილიარდი კუბური მეტრი - TANAP-ის მეშვეობით), 2.3 მილიარდი კუბური მეტრი - საქართველოში და 0.5 მილიარდი კუბური მეტრი - სირიაში.