უკრაინამ კატართან 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი და მალე მსგავს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები და არაბთა გაერთიანებულ სამიროებთან სამომავლო შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინული ჯარების მონაწილეობას კონფლიქტებში.
„დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა გამოცდილებაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედდება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილავთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ დავიცვათ თავი, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაში ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას.
„10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა. უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც.
კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დოჰამ და კიევმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც რაკეტებისა და უპილოტო საფრენი სისტემების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.
ცნობისთვის, 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი გაიგზავნა ახლო აღმოსავლეთში, რათა ამ რეგიონის ქვეყნებს, დრონებით თავდასხმებთან გამკლავების საკითხში კონსულტაციები გაუწიონ.
სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.