უკრაინამ და საუდის არაბეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და საუდის არაბეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეთანხმება საფუძველს უყრის მომავალ კონტრაქტებს, ტექნოლოგიურ თანამშრომლობასა და ინვესტიციებს.


ზელენსკის ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც 26 მარტს, Washington Post-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ახლო აღმოსავლეთში მიწოდების გადამისამართებას, რადგან ირანთან კონფლიქტი ამერიკულ საბრძოლო მასალის არსებულ მარაგებს რისკებს უქმნის.


„ჩვენ მზად ვართ, საუდის არაბეთს ჩვენი გამოცდილება და სისტემები გავუზიაროთ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.


27 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ-საუდის შეხვედრის დაწყებამდე ხელმოწერილი დოკუმენტი ქმნის საფუძველს ახალი კონტრაქტების, ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და ინვესტიციებისთვის და აძლიერებს უკრაინის, როგორც უსაფრთხოების დონორის საერთაშორისო როლს.


უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილებოდა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, რუსეთის მხრიდან ირანის დახმარება, საწვავის ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია და ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობა.


შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა. პრეზიდენტი ზელენსკი შეხვდა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებსაც, რომლებიც საუდის არაბეთში იმყოფებიან საჰაერო სივრცის დასაცავად დახმარების გასაწევად.


სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. უკრაინამ რეგიონის ქვეყნებში გაგზავნა სპეციალისტები და დრონების დამჭერი აპარატები. თავად უკრაინა დახმარებას ითხოვს, პირველ ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით.