აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ,” - წერს თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.