უკრაინამ და ბულგარეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი გიუროვმა მოაწერეს.
„მთავარი პუნქტი ბულგარეთის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა, რაც დღეს განვიხილეთ. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა სახის შეიარაღებისა და დრონების ერთობლივი წარმოების საკითხი,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ცნობით, შეთანხმება ძალაში 10 წლის განმავლობაში დარჩება.
ასევე, გიუროვმა ზელენსკისთან შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ ბულგარეთი შეუერთდა NATO-ს PURL (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) მექანიზმს, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შეძენასა და გადაცემას ითვალისწინებს.
შეთანხმება ასევე ფოკუსირებულია ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ენერგეტიკული დერეფნის განვითარების გეგმებზე, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლომდე ამოქმედდეს.
ზელენსკის თქმით, დერეფნის საშუალებით წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის გაზის მიღება იქნება შესაძლებელი.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს დერეფანი ტექნიკურად წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დერეფნის მეშვეობით უკრაინამ შეიძლება, წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. ეს ჩვენთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიის ერთ-ერთი ფორმაც არის,“ -აღნიშნა ზელენსკიმ.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ეს შეიძლება, ალტერნატივად გამოდგეს გარკვეული ევროპელი აქტორების მიერ ბლოკირების შემთხვევაში,“ - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.