ირანის თავდასხმების ფონზე, თავდაცვითი მოქმედებებისთვის, ახლო აღმოსავლეთში, დამატებითი ბრიტანული ჯარები და დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგდება, რაც სპარსეთის ყურისა და კვიპროსის დაცვაში ჩართული დიდი ბრიტანეთის პერსონალის საერთო რაოდენობას დაახლოებით, 1000-მდე გაზრდის.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კატარის დედაქალაქ დოჰაში ვიზიტის დროს განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ “ირანი თავდასხმებს აფართოებს” და დიდი ბრიტანეთი მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის საუდის არაბეთს, კატარსა და ბაჰრეინს.
მანვე აღნიშნა, რომ ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები ოპერაციების განხორციელებას გააგრძელებენ კატარში. კატარში ვიზიტის დროს ჰილიმ ასევე მესიჯი გადასცა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, რომ დიდი ბრიტანეთი “გვერდში გიდგათ თქვენ და გვერდში დაუდგება თავის პარტნიორებს.”
პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ორშაბათს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ამ ომში არ ჩაერთვება“, მაგრამ გააგრძელებს რეგიონში თავისი ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას.
28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ „მასშტაბური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყეს. საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ.