ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა - BBC

ოკუპირებულ ყირიმში An-26 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა. კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, An-26-თან კავშირი 31 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით 18:00 საათზე დაიკარგა. თვითმფრინავი ყირიმის თავზე დაგეგმილ ფრენას ასრულებდა.


მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოკლე ცნობა, რომ კატასტროფის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფრენის, ან მისთვის მომზადების წესების დარღვევის მუხლით. კომიტეტის  ინფორმაციით, დაიღუპა 30 ადამიანი - „ეკიპაჟის 7 წევრი და 23 მგზავრი."


რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა „ტასმა“ და „რია ნოვოსტიმ“ კატასტროფის „ადგილზე მყოფ წყაროზე“ დაყრდნობით დაწერეს, რომ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. სხვა წყაროებით, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.


უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია. An-26 საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავია, რომელიც ძირითადად სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება მძიმე ტვირთისა და მოკლე და საშუალო მანძილზე მცირე რაოდენობის მგზავრების გადასაყვანად. მას უკრაინული კომპანია „ანტონოვი“ აწარმოებს.