რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სომხეთსა და ირანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე მუშაობა ამჟამად შეჩერებულია და რომ განხილვები აღარ არის უშუალო დღის წესრიგში.
„დოკუმენტი ამ ეტაპზე გასაგები მიზეზების გამო არ განიხილება. ვიზიტი დაგეგმილი იყო, ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ,“ - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თებერვალში, სომხეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ სომხეთი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სავარაუდო ვიზიტის დროს. ამის შემდეგ, ფაშინიანმა დაადასტურა, რომ ირანში ვიზიტი იგეგმებოდა. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ ირანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთანავე გაფორმდებოდა და კონკრეტული ვადები არ არსებობს.